რუსული პროპაგანდა TikTok-ზე
როგორ იქცა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი გასართობი პლატფორმა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად
ავტორი: ანეტ მიქელაძე
ქართულ მედიასივრცეში TikTok-ი ყურადღების ქვეშ 2020 წლის მაისში მოექცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პლატფორმას მსოფლიოს ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში, ცალკე აქვს დამატებული ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ ადგილებს საქართველო და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა.
საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, რომელმაც დაამყარა კავშირი ჩინურ მხარესთან და რამდენიმე დღეში უკვე ჩამოტვირთულ აპლიკაციის შემთხვევაში, განახლების შემდეგ, ჩამონათვალში ეს ორი რეგიონი აღარ იძებნება.
#აფხაზეთი საქართველოა VS #აფხაზეთი არ არის საქართველო

TikTok-ზე თითქმის ყველა ვიდეოს თან ახლავს ჰეშთეგი, რითაც შეიძლება მსგავსი ვიდეოების პოვნა. დღეის მდგომარეობით, თუ ჩავწერთ საძიებო ველში სიტყვა - „აფხაზეთი საქართველოა“, 6 მილიონია ამ ვიდეოების ჯამური ნახვა, ხოლო „აფხაზეთი არა არის საქართველო“ ჰეშთეგი 14,1 მილიონმა მომხმარებელმა ნახა. რამდენად შეესაბამება ყველა ვიდეო და ჰეშთეგი თემატურად ერთმანეთს რთული სათქმელია.


ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტიკტოკი ამ თემატიკაზე არის ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა კაცი იძახის - „აფხაზეთი არ არის საქართველო, ხომ კარგად გაიგეთ?“ რის შემდეგაც კადრში აფხაზეთი დე-ფაქტო დროშა ჩანს. ვიდეოს 89 გაზიარება, ანუ პასუხი აქვს, სადაც ძირითადად ქართველი მომხმარებლები აკრიტიკებენ ვიდეოს ავტორს და აცხადებენ, რომ აფხაზეთი საქართველოა.

ვიდეო, რომელზეც აფხაზი გოგონა დაუდასტურებელი ფაქტებს აჟღერებს ინგლისურ ენაზე. „საქართველო როგორ სახელმწიფო არ არსებობდა 1918 წლამდე, მაშინ როდესაც აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა მერვე საუკუნიდან მოყოლებული“, - ამბობს ddzhenia1 ვიდეოზე.

ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს, როგორც სამეფო გაუქმდა და რუსეთის შემადგენლობაში მეცხრამეტე საუკუნეში შევიდა, ხოლო საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში აფხაზეთი შევიდა საერისთავოს სახით.
„1939 წელს, აფხაზეთში 29,5 პროცენტი იყო მხოლოდ ქართველების“, - ამბობს გოგონა ვიდეოში. ეს ციფრი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ამავე წყაროზე დაყრდნობით ცნობილია, რომ 1939 წელს აფხაზი მხოლოდ 18% იყო და ქართველები უმრავლესობას წარმოადგენდნენ.

TikTok-ზე მაქსიმუმ 60-წამიანი ვიდეო იდება. ძალიან ხშირად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი ამ ერთ წუთში ათავსებს ნაწყვეტს სხვადასხვა პროპაგანდისტული არხებიდან, როგორიცაა მაგალითად RT, Россия 24 ან თავად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიცემული ინტერვიუ, სადაც ის ნაწილობრივ და მანიპულაციურად საუბრობს საქართველო-აფხაზეთის ისტორიაზე.

დაკითხვა TikTok-ის გამო
ჰეშთეგი „აფხაზეთი საქართველოა“ ჰქონდა ვიდეოს, რომელშიც 19 წლის აფხაზი გოგო ალიონა თანია ამბობდა კიდეც, რომ აფხაზეთი საქართველოა. ვიდეო ამჟამად წაშლილია, თავად თანიამ კი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ტიკტოკი სხვების თხოვნით ატვირთა და მომხდარის გამო წუხს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიდეოს ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ „აღშფოთებული მოქალაქეებისგან“ მიიღეს არაერთი შეტყობინება, რაც წინასაგამოძიებო მოკვლევის დაწყების საფუძველი გახდა.

„არ მეგონა, არც ვიცოდი, რომ ჩვენი ქალიშვილი ასეთ რამეს გააკეთებდა, მე ომი გამოვიარე“ - ამბობს ამ ვიდეოში გოგოს მამა თენგიზ თანია . „მე ყველას ბოდიშს ვუხდი“ - ამბობს თავად ალიონა თანია.

„ბოდიშით ეს ამბავი არ დამთავრდება, ვიდეოში მონაწილე ყველა პირს დავიბარებთ გამოკითხვაზე" - აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პოლიციის ამ პოზიციით სრულდება ვიდეო. თანიას მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მის გარდა კიდევ ორი გოგონა ჩანდა.

საქართველოს მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქე
საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი მხარდამჭერი TikTok-ზე არის რუსეთის მოქალაქე ილია პუშკინი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც რამდენიმე პროგანდისტულ ვიდეოს წააწყდა, გადაწყვიტა, რომ გააქტიურდეს პლატფორმაზე.

„არის მომხმარებლების ნაწილი, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ ვიდეობს. ისინი ძირითადად ანონიმურად მოქმედებენ. კიდევ არის ნაწილი, რომელიც აჩენს სახეს, და ნაკლებად მკაცრად, თუმცა მაინც შეურაცხყოფას აყენებენ ქართველებს. არის კიდევ კატეგორია, რომლებიც პოლიტიკურ ვიდეოებს არ იღებენ, მაგრამ თეგს „აფხაზეთი საქართველო არ არის“, მაინც ამატებენ.

ილია პუშკინი აღნიშნავს, რომ 19 წლის ალიონა თანიას შემთხვევის შემდგომ, მსგავს შემთხვევებზე არ სმენია, თუმცა მის მიმართ მუქარის გამოცდილება აქვს.

„მე დავიწყე ვიდეოების გადაღება. დამიგროვდა მიმდევრები და ბუნებრივია ეს არ დარჩა უყურადღებოდ. მაგალითად ერთი ადამიანი, რომელიც იგორ ჩაჩხავას სახელით გამეცნო, ჩაწერა ვიდეო, სადაც დამემუქრა იარაღით ხელში გადაიღო ვიდეო და მითხრა, რომ ყურებს დამაჭრიდა. კიდევ ერთი გამოჩნდა ერთი ადამიანი. ნიღაბი ეკეთა და ვიდეოში ამბობდა, რომ მომძებნიდა და ქართველებთან ერთად გამისწორდებოდა. იყო სიტუაცია რომ მომთხოვეს ტელეფონის ნომერი მიმეცა, დაგირეკავენ ქართელები და რაღაცას გეტყვიანო. მივეცი ნომერი და მართლაც ქართული ნომრიდან დამირეკეს და გამეცნეს, ვიღაც პოლკოვნიკის სახელით. პირდპირ არაფერი მითხრა, მაგრამ მთხოვა, რომ ვიდეოები წამეშალა. მე რა თქმა უნდა არაფერი წავშალე და ეს სატელეფონო საუბარი ჩავიწერე“, - ჰყვება ტიკტოკერი.

TikTok-ზე ბევრი მომხმარებელი აჩენს თავის იდენტობას, თუმცა პლატფორმაზე აქტივობების უფლება აქვთ იმათაც, ვინც ანონიმურობას ინარჩუნებს და შეუძლიათ ნამდვილი სახელების ნაცვლად, ნიკებად სიმბოლოები დაიყენონ. მაგალითად მომხმარებლები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ოკუპირებულ აფხაზეთთან, ხშირად იყენებენ ნიკებს apsy-1, apsy-2, apsya-3 და ა.შ.

აფხაზური არხები TikTok-ზე ძირითადად სამოგზაურო ან გასართობია, თუმცა არის არხები, რომლებიც პოლიტიკურ კონტენტს ქმნიან. მათ შორის ერთ-ერთია astik-sukhum, რომელიც აკეთებს დუეტებს/პასუხებს ქართველი მომხმარებლების მიერ გადაღებულ ვიდეოსთან და შეურაცხმყოფელი ენით მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, ამასთან ავრცელებს დეზინფორმაციას.


საინფორმაციო ომის მთავარი საყრდენი სოციალური ქსელები და პლატფორმებია, რომლებმაც დიდ სარგებელთან ერთად, ხელი შეუწყო სახელმწიფოებს განეხორციელებინათ თავიანთი პროპაგანდა. არადემოკრატიული და ნაკლებდემოკრატიული ქვეყნები, განსაკუთრებით ხშირად იყენებენ იმ თავისუფალ სივრცეს, რასაც პლატფორმები მათ სთავაზობენ.

საინფორმაციო ომის მსხვერპლი საქართველო ძირითადად რუსეთის მხრიდან ხდება.


ყველაზე აქტიურად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანია ფეისბუკზე ხორციელდება, რადგან საქართველოში ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებს შორის ფეისბუკს იყენებენ, თუმცა ბოლო პერიოდში, ჩინური აპლიკაცია ტიკტოკის პოპულარობის გაზრდასთან ერთად, დეზინფორმაციამ გადაინაცვლა ახალ პლატფორმაზე, სადაც პროპაგანდა აპლიკაციის სტილს მოერგო.


2020 წლის მონაცემებით, TikTok-ს მსოფლიოს მასშტაბით 800 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. ჩინური აპლიკაცია არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. პერსონალური მონაცემების შეგროვების პოლიტიკა პლატფორმას ქვეყნებისთვის განსხვავებული აქვს, რის გამოც მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვები არსებობს.

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website